უადვილესი
ნაწყვეტები რომანიდან
არ არსებობს სახლი კვამლის გარეშე
ან
ჩვეულებრივი ძაღლის ტყავს ჩალის ფასი აქვს
იცი რა? მე გადავწყვიტე ვიყო ბედნიერი. რატომაც არა? ყველას აქვს ბედნიერების უფლება.
ამიერიდან ყოველ დილით, ხუთი წუთის განმავლობაში, ჩემს თავს მოვუყვები, თუ როგორ სასიამოვნოდ ვაპირებ მთელი დღის გატარებას. პირობას ვდებ, რომ ასე მოვიქცევი. უნდა შევემზადო სიკეთისა და ბედნიერებისათვის. ასე აღარც ყურადღება გამეფანტება და სასურველ მიზანსაც იოლად მივაღწევ. ეს სადილაო დისკუსიები საკუთარ თავთან, ჭეშმარიტად სასარგებლო წუთები იქნება ჩემს ცხოვრებაში.
მგონი ბედნიერება კვამლივითაა. რაც უფრო მეტად უბერავ, მით მეტი დგება.
ჯავრი მომდის საკუთარ თავზე, რომ არ ვარ ბედნიერი. მაგრამ ამ წუთიდან ყველაფერი, მთელი ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება. აკი განვაცხადე: „მინდა ბედნიერი ვიყო“; სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მე უკვე დავადექი იმ გზას, რომელიც ჩემს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.
დილის ოთხი საათია. ხალიჩაზე ვზივარ. გული გამალებით მიცემს. ცივი ოფლი მასხამს და სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობ. ვფიქრობ, რა უნდა ვქნა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. საკუთარი თავისთვის გავაკეთე ეს არჩევანი. არჩევანის შეცვლა გვიანი არასოდეს არის, მაგრამ ჯერ უნდა ისე მოიქცე, რომ ვინმემ ხელი შეგაშველოს.
შევეცადე გამეხსენებინა, ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი. და გამახსენდა – მხოლოდ ერთხელ, როცა ხიდიდან გადავვარდი და უგონოდ კარგა ხანს ვტივტივებდი წყალზე პირაღმა.
თუმცა სხვა დროსაც ვიყავი ბედნიერი – ოღონდ ასე ძალიან არა. ზეიმი მესიზმრა. ბევრ ბედნიერ და გამოპრანჭულ სტუმარს ერთად მოეყარა თავი, და იქვე ტრიალებდა უამრავი სხვადასხვა ჯიშის – დიდი თუ პატარა, გრძელთმიანი თუ უბეწვო, კუდიანი თუ უკუდო, სუფთა სისხლის თუ ველური – ძაღლი. ისინი სტუმრებს შერეოდნენ და ისე გრძნობდნენ თავს, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, მაგრამ სუფრას არ გაჰკარებიან. სადღაც შორს ზარების რეკვა გაისმა. კარგა გვიანი უნდა ყოფილიყო, რადგან ზარები გაუჩერებლად რეკდნენ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ სიზმარში ეს საერთოდ არ მაწუხებდა. ზარის რეკვამ ძაღლები გაავეშა. თითო ძაღლი თითო სტუმარს მივარდა და ჭამა დაუწყო, ისინი ჭამდნენ ყველაფერს – ტანსაცმელს, სამკაულს, მობილურ ტელეფონსაც კი. სტუმრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყველა მათგანი მშვიდად დამორჩილდა ბედს, – არც უყვირიათ და არც გაქცევა უცდიათ. დანარჩენი სტუმრები ისევ ზეიმობდნენ, მომხდარს თვალს არიდებდნენ, არც რაიმეს შეცვლა უცდიათ. ვიოლინოების ტრიო მხიარულ, ზოგჯერ ჩემთვის ნაცნობ, კლასიკურ მელოდიებს უკრავდა და ცდილობდა, ვიოლინოებისა და ზარების რეკვის ხმა ერთმანეთს ჰარმონიულად შერწყმოდა. სხვათა შორის, შეძლეს კიდეც შესაბამისი რიტმისა და განწყობის დაჭერა. სანამ ზარები რეკდნენ, ძაღლები სიამოვნებით მიირთმევდნენ ნადავლს. შემდეგ ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდა – ოღონდ ხალხი ახლა უფრო ნაკლები იყო. არც ბრძოლის კვალი ჩანდა სადმე, არც სისხლი, არც პანიკა იგრძნობოდა. მხოლოდ ძვირფასი ტანსაცმლის ნაგლეჯები ან დაწყვეტილ-დამსხვრეული სამკაულის ნაშთები ეყარა აქა-იქ.
ცოტა ხნის შემდეგ ზარებმა ისევ დაიწყეს რეკვა და ძაღლებმაც დარჩენილი სტუმრების შთანთქმა გააგრძელეს.
და ეს ყველაფერი მეორდებოდა და მეორდებოდა. ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. ვხვდებოდი, რომ ჩემი ჯერიც მალე დადგებოდა. მაგრამ ძაღლები გვერდს მივლიდნენ. როცა სტუმრებიდან აღარავინ დარჩა შეუჭმელი და ზარებმაც ისევ განაახლეს რეკვა, ძაღლებმა ალყაში მომიქციეს და ძირს გაწოლილებმა თვალუწვდენელი ბეწვის ხალიჩა გაჭიმეს. მე მოჯადოებული ვიყავი ირგვლივ გამეფებული დუმილითა და სიმშვიდით და ისე ბედნიერად ვგრძნობდი თავს, როგორც არასდროს. გაღვიძების ოდნავი სურვილიც კი არ მქონდა.
ვერ ამიხსნია, რატომ ვიყავი ბედნიერი. და, ალბათ, ასეთ რამეს ვერც ვერასოდეს ახსნი. ბედნიერება გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. ბედნიერება შენ შიგნითაა. მხოლოდ გონება უნდა მომართო, ძალიან უნდა მოინდომო და ისიც არ დაახანებს მოსვლას. მე გადავაფასებ ჩემს ცხოვრებას და გადავწყვეტ, რისი გაკეთება მჭირდება იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყო. მე ვემზადები, ბოლომდე ჩავწვდე ჩემს თავს, რათა ვიპოვო ჩემი ქმედებების საფუძველი. საკუთარი გულისთვის ყურის გდება უნდა ვისწავლო, იმიტომ რომ ესაა ბედნიერებასთან მისასვლელი ერთადერთი გზა.
უნდა შევწყვიტო საკუთარი თავისა და სხვათა დადანაშაულება ჩემი წარუმატებელი ცხოვრების გამო. მე ვიქნები საკუთარი ცხოვრების დედოფალი, და არა საკუთარი ყოფის მსხვერპლი. ვიცი, რომ შეცდომები დავუშვი და ახლა შემიძლია მათგან ჭკუა ვისწავლო. მე სიამოვნებას მივიღებ ყოველი შემთხვევისგან და უბრალო რამეებსაც კი ისე დავაფასებ, როგორც რაიმე გასაოცარ მოვლენას. არ დაველოდები მომავალს და დავტკბები აწმყოთი. მე ვიქნები ბედნიერი და ჩემს ბედნიერებას გარშემო მყოფებსაც გადავდებ. ერთხელ სარეკლამო რგოლი ვნახე, სადაც, ვინც კი იღიმოდა, ყველას შოკოლადი მიართვეს. მაგრამ მე ისე, უბრალოდ, ყოველგვარი ჯილდოს გარეშე გავიღიმებ. დავივიწყებ მოწყენილობას, ბედნიერება გახდება ჩემი მარადისობა, ჩემი ყოფიერების სარტყელი.
არ გჯერა რომ ამას შევძლებ? არ გჯერა რომ წარმატებული ვიქნები? ნახავ. მნახავ ბედნიერს.
ცაზე
ანუ
ზოგადად, რაც მეტ ხალხს ხვდები, მით უფრო ცარიელი ჩანს სამყარო
რა იქნებოდა ბუმბული რომ ვყოფილიყავი, ორი სანტიმეტრის სიგრძის ბუმბული?
რა და, ცაში ვიფრენდი.
ჩიტი მიპოვიდა, წამიღებდა თავის ბუდეში, ჩამაფენდა, ზედ კვერცხებს დადებდა და პატარა ბარტყებს გამოჩეკდა. მერე ორ მათგანს ძირს ჩამოაგდებდა, იმიტომ რომ ვერ შეძლებდა ოთხივე ბარტყის ჭიაყელებით გამოკვებას. და მე ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდი.
მომავალ წელს, ჩიტები ამ ბუდეს აღარ დაუბრუნდებოდნენ. რამდენიმე წელიწადში ბუდე დაიშლებოდა და მეც მიწაზე დავეშვებოდი. მერე ქარი ამიტაცებდა და ისევ ცაში ვიფრენდი.
ქალაქში ტროტუარზე დავვარდებოდი და მოხუცი ქალის ფეხსაცმელს ძირზე ავეკვრებოდი; მერე წავყვებოდი სახლში, სადაც მარტო მე და ჩემი ქალბატონი ვიქნებოდით. ჩემი ქალბატონი რომ მოკვდებოდა, მის ფეხსაცმელებს სხვა ნივთებთან და ჩემთან ერთად გადაყრიდნენ. და მე ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდი.
მერე ისევ ცაში ვიფრენდი.
ილინოისი ანასტასიას ყავაში მიკრავდა თავს. ანასტასია ვერ შეამჩნევდა და გადამყლაპავდა. და მე ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდი. ან ანასტასია შემამჩნევდა, საზიზღრობას მიწოდებდა და გადამაგდებდა. მე ხერხემალი მეტკინებოდა. და ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდი.
მე ილინოისის თმაში გავიბურდებოდი, ის სახლში წამიყვანდა, აღმომაჩენდა და თავის ერთ-ერთ საყურეზე მიმამაგრებდა. მაგრამ მე მას არ მივეკრობოდი და ოთახში ფარფატს დავიწყებდი.
წვიმა მიწაზე დამანარცხებდა. გარეული ტახები და ღორები გადამთელავდნენ და ჩამმარხავდნენ. მაგრამ ბავშვები მიპოვიდნენ და თავიანთ მშვილდების ისრებს გამომაბამდნენ. ისინი ჩემით მანამდე ითამაშებდნენ, სანამ ერთმანეთს თვალებს არ დათხრიდნენ, და მე ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდი.
მერე ალექსის ყუთზე დავეშვებოდი. ის ფრთხილად შემიბერავდა სულს, გავიდოდა ოთახიდან და კარს გადაკეტავდა. მე ფანჯრის ღრიჭოში გავსრიალდებოდი და ვიფრენდი ცაში.
ზევიდან გასრესილ ლოკოკინას დავინახავდი, ალბათ, ისევ იმას, ადრინდელს. მე ის არ შემეცოდებოდა.
წყალში ჩავვარდებოდი. სახით. დამთბებოდა და შემეშინდებოდა. სუნთქვა გამიჭირდებოდა. როცა ძლივძლივობით სუნთქავ, შენი უჯრედები უფრო აქტიურდებიან, და უფრო დიდხანს ცოცხლობ. მე დიდხანს მინდა ვიცოცხლო, იმიტომ რომ ბუმბული ვარ.
თევზი ჩამყლაპავდა, იმ თევზს კი სხვა თევზი ჩაყლაპავდა. მაგრამ მე მოუნელებელი გამოვიდოდი, ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი. ბუმბულის მონელება სად გაგონილა. ყველა ოკეანეში გავცურავდი, შევიწოვდი ყველა წყალს, სანამ ოკეანეები არ დაშრებოდნენ, და მერე ისევ ცაში ვიფრენდი.
მე ერთი ბერძენის მიერ დახატული ქალის პორტრეტზე დავეშვებოდი. ცრემლებს მოვწმენდდი.
წითელი სამოსის წამწამებზე მივეკრობოდი და სამყაროს მისი თვალით შევხედავდი. ორ მხიარულ ბავშვს დავინახავდი, რომლებსაც ის პროსტიტუცით, მაგრამ ეს სულაც არ აწუხებს. მე მას დავინახავდი უამრავი კაცის გვერდით მწოლიარეს და აკვნესებულს, ყველაზე საზიზღარი კლიენტისთვისაც კი სიამოვნებისგან დაღვენთილს. დავინახავდი, როგორ დასველდებოდა მისი საშო ყოველ ჯერზე, როგორ შეამზადებდა თეძოებს ნეტარებისთვის, როგორ მოითხოვდა ხელების შეკვრას, რადგან მათი შეხება სიამოვნებას აუტანელს გახდიდა. დავინახავდი მის აკანკალებულ, ოფლის პირველი წვეთებით დაცვარულ ზედა ტუჩს, რომელსაც უმალ გაილოკავდა, როგორც კი თვალებს დახუჭავდა, მაგრად, ძლიერად მომიჭერდა და ახლა უკვე ორივენი ავკვნესდებოდით სიამოვნებისგან. კაცები ვერ მიხვდებოდნენ, საიდან მოდიოდა ეს მეორე ხმა, მაგრამ ამაზე საფიქრებლად არც ეცლებოდათ, იმიტომ რომ ქალის სხეული მათ ყველაფერს გამოსწოვდა. კლიენტები ისევ დაბრუნდებოდნენ მასთან, უამრავ ფულს გადაუხდიდნენ იმისათვის, რომ კვლავ შეეგრძნოთ მისი სხეულის სიტკბო, გაეგონათ მისი არაამქვეყნიური კვნესის ხმა და კიდევ ერთხელ განეცადათ ნეტარი წამები. ისიც მიიღებდა, და მისი საშოს კუნთებიც ისევ მაგრად ექნებოდათ ჩაჭერილი.
და როცა წითელი სამოსი გამიშვებდა, მე ისევ ცაში ვიფრენდი.
ბოლოს კი საფრანგეთში, ერთი ფანჯრის რაფაზე დავეშვებოდი. იქაურობას მიწასთან გავასწორებდი და თავსაც გავიქრობდი. ამას ვერავინ შეამჩნევდა, – ვერც თავად მე.
მერე ისევ ცაში ავფრინდებოდი. ყველაფერი გაქრებოდა ჩემ გარდა, იმიტომ რომ ცა ჩემი იყო, მე კი ცაში ვიქნებოდი, რომელიც არასოდეს დასრულდებოდა. მხოლოდ მაშინ შემეძლებოდა იმდენი მეტირა, რამდენიც მენდომებოდა.
მომიყევი ანუ
როგორც ყოველთვის, ხალხმა ძალიან ბევრი იცის
მომიყევი რა იცი:
- წყლის შესახებ, რომელიც არ წმენდს, და მტვრის შესახებ, რომელიც არ ეფინება არაფერს.
- სქიზმების, გამოყოფის, მთავრობის ჩამოგდებისა და ანარქიის შესახებ
- მწერების ცხოვრების შესახებ დამდგარ წყალში
- ახლად გაშლილ-გაფურჩქნილ ყვავილთაგან ყველაზე ლურჯის შესახებ
- საფეთქლისა და ქვედა ყბის შემაერთებელი წერტილის გაქრობის შესახებ
- მოწინააღმდეგის ხმლის იმ ხმლით მოგერიების შესახებ, რომლითაც შეტევის შესაძლებლობა გეძლევა
- განწმენდის შესახებ
- ქვეცნობიერის შესახებ
- გეომეტრიული პროგრესიის შესახებ
- სიყვარულის ქალღმერთის, ვნების, და აყვავებულ მდელოთა შესახებ
- დინოზავრისებრთა ჩიტების – ძალზე მოკაუჭებულნისკარტიანთა და ბასრბრჭყალიანთა შესახებ
- ტალღების მოქცევასა და ჯებირების შესახებ
...და მე გეტყვი ვინ ხარ შენ